შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე "თავისუფალი ზონის" წევრი ფარნაოზ ჭ. დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თანმხლებ პირებთან ერთად თბილისში, იოსებიძის და ბულაჩაურის ქუჩების გადაკვეთაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი ზაზა დავითაია სცემა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ინციდენტის ადგილზე გამოცხადდა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს მომხდარის შესახებ ატყობინებდა, როცა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე დავით გ-მ. აღნიშნული პირი საქართველოს სსკ-ს 353-ე და 187-ე მუხლების შესაბამისად დააკავეს, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
რაც შეეხება ზაზა დავითაიას ცემაში ბრალდებულ ფარნაოზ ჭ-ს, ის სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაულში ბრალდებული სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ამ დრომდე მიმდინარეობს ოპერატიული ღონისძიებები.
ზაზა დავითაიას ცემის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).