შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ბ.ნ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 სექტემბერს, თბილისში, ვაკის რაიონში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1979 წელს დაბადებულ ს.ჯ.-ს და 1982 წელს დაბადებულ ზ.ჩ-ს. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ერთი დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე - გადაყვანილია საავადმყოფოში.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით).