შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩაატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1945 წელს დაბადებული მურად წ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბაღდათში დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბაღდათში, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა დასახელების და მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს: ქარხნული წესით დამზადებული უნომრო შაშხანა, ქარხნული წესით დამზადებული, შაშხანის რგოლური აალების 5 ვაზნა, ქარხნული წესით დამზადებული რგოლური აალების პისტოლეტის 9 ვაზნა, ქარხნული წესით დამზადებული, გლუვლულიანი, სამლულიანი სანადირო თოფი, ორლულიანი შიგაჩახმახიანი სანადირო თოფი, 12 კალიბრიანი ერთლულიანი სანადირო თოფი, „გლოკ-18“-ის მოდელის პისტოლეტი, „სმიტ-ვესონ მოდ-910“-ის პისტოლეტი და ქარხნული წესით დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღის 50 ვაზნა. სამართალდამცველებმა მურად წ-ს საცხოვრებელი სახლიდან ასევე ამოიღეს სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღის ნაწილები. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).