შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ვასილ ა. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც ის თელავი-გომბორის საავტომობილო გზაზე ტაქსით გადაადგილდებოდა. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას „კალაშნიკოვი“-ს სისტემის „ა-კა-ეს-74“-ის მოდელის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდით, ასევე, კუსტარულად დამზადებული „ნაგანი“-ს ტიპის არარეგისტრირებული რევოლვერი ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული იარაღი სასროლად ვარგისია. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით).