შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ლაშა გ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გადამოწმების მიზნით, თბილისში, გელოვანის გამზირზე მოძრავი, „იაგუარის“ მარკის ავტომანქანა გააჩერეს, რომლის ჩხრეკისას, ტომრიდან „ა-კა 74“-ის მოდელის, არარეგისტრირებული, უნომრო, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 8 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დადგინდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები მგზავრს ეკუთვნოდა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).