შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ბრალდებით 5 პირი: 1956 წელს დაბადებული მალხაზ გ, 1979 წელს დაბადებული ზურაბ ლ, 1962 წელს დაბადებული ტარიელ ქ, 1989 წელს დაბადებული დავით გ. და 1956 წელს დაბადებული ოთარ ლ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები საქართველოში ყიდულობდნენ „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლ იარაღს, ოფიციალურად იფორმებდნენ, ხოლო შემდეგ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღის რეალიზაციას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებზე მართლსაწინააღმდეგოდ ახდენდნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები გორის რაიონის სოფელ ქიწნისში დააკავეს. ხუთივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).