შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს და ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული პანტე ნ, 1996 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ტიმოთე ყ, 1993 წელს დაბადებული, ასევე პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დავით ნ. და 1997 წელს დაბადებული ხვიჩა წ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დანითა და გადაჭრილი სანადირო თოფით შეიარაღებული ბრალდებულები 27 ნოემბერს ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაისში მდებარე გაზგასამართ სადგურში შეიჭრნენ, იქ მყოფ ორ ოპერატორს სიცოცხლის მოსპობის მუქარით 700 ლარი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, პანტე ნ. მომხდარიდან მეორე დღეს ხობში, ხოლო დანარჩენი სამი ბრალდებული 29 ნოემბერს რუსთავში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - გადაჭრილი სანადირო თოფი ორი საბრძოლო ვაზნით და დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე ამოღებულია გატაცებული თანხის ნაწილი.
გამოძიება ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე და 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).