შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ალექსანდრე ს. ქურდობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2015 წლის 3 თებერვალს, ღამით, ფარულად შეაღწია ტექნიკის სახლ „ოქეი“-ში, „ორიონი“-სა და „სამსუნგი“-ს ფირმების 13 ტელევიზორი, „ბალუ“-ს ფირმის 6 ელექტროგამათბობელი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 29 იანვარს ალექსანდრე ს-მ სავაჭრო ცენტრ „სმაილი“-დან „ჰონდა“-ს და „სამსუნგი“-ს ფირმების 6 ტელევიზორი მოიპარა.
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას მოპარული ტექნიკის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება მიმდინარეობს საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით).