შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე - 1974 წელს დაბადებული ციუფან ვ. და 1976 წელს დაბადებული შინლუნ ი, საქართველოს მოქალაქეები - 1972 წელს დაბადებული ნათელა ტ, 1967 წელს დაბადებული ნანა გ. და 1972 წელს დაბადებული იზაბელა ს. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები თბილისის სხვადასხვა უბანში, ჩინური მასაჟის სალონსა და სასტუმროში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ.
სამართალდამცველებმა მასაჟის სალონსა და სასტუმროში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).