შსს-ს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ნიკა ბ. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ნიკა ბ-მ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ ფოიეში საპატრულო პოლიციის თანამშრომელ ირაკლი ს-ს, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიმალვა სცადა. დაჭრილმა პატრულ-ინსპექტორმა თავად მოახერხა ბრალდებულის შეჩერება და შემთხვევის ადგილზევე დააკავა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლის - ირაკლი ს-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.
დაჭრილი პოლიციელი შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საავადმყოფოში მოინახულა.
გამოძიება პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე თავდასხმის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით).