შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ჯ.ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის რაიონის სოფელ მელექედურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1971 წელს დაბადებულ მ.ღ.-ს გულმკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მ.ღ., მიყენებული ჭრილობის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, სოფელ მელექედურში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).