შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 30 ჯარისკაცმა წელს პირველად მიიღო მონაწილეობა ოლიმპიური ჩირაღდნის გარბენის ცერემონიალში.
ოლიმპიური ჩირაღდნის გარბენის ცერემონიით 16 მაისს გაიხსნა ფეხბურთში ევროპის საერთაშორისო ტურნირი. გარბენი თავისუფლების მოედნიდან დაიწყო და მიხეილ მესხის სახელობის „ლოკომოტივის“ სტადიონზე დასრულდა. ღონისძიება კულტურული და გასართობი პროგრამებით გაგრძელდა.
16-18 მაისს, თბილისში, სპეციალური ოლიმპიადის ეგიდითა და „UEFA RESPECT“-ის მხარდაჭერით, ფეხბურთში ევროპის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება. ტურნირში შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე 230-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს 14 სხვადასხვა ქვეყნიდან – ბელგია, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, იტალია, დანია, უნგრეთი, პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, რუსეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და საქართველო. სპეციალური ოლიმპიადა ხელს უწყობს აქტიური ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, გაერთანებული სპორტის განვითარებას და ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გაერთიანებას საფეხბურთო თანამეგობრობაში.
შსს-ს წარმომადგენლები აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობით შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ, სპეციალური ოლიმპიადის მხარდაჭერას გამოხატავენ.