შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების, ისანი-სამგორის სამმართველოს და რუსთავის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული გიორგი შ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 16 ოქტომბერს, ღამის საათებში, ქალაქ რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის მახლობლად მდებარე მინდორში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1984 წელს დაბადებულ ზურა ს-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მამამისის კუთვნილი ავტომობილით სოფელ ფონიჭალაში წაიღო და გიგანტის დასახლებაში არსებულ, ერთ-ერთ გაუქმებულ არხში დატოვა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გიორგი შ. მომხდარიდან რამდენიმე საათში რუსთავში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).