შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1945 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მარიო ჭ. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, დედაენის ბაღში მდებარე ერთ-ერთ კაფეში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკებისას, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა სიძეს, 1963 წელს დაბადებულ მერაბ მ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ადგილზევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით).