შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში, ფოთში, ზუგდიდსა და ქარელში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, კრედიტის უკანონოდ მიღების ბრალდებით ექვსი პირი: 1963 წელს დაბადებული ემზარ ა, 1990 წელს დაბადებული მამუკა გ, 1972 წელს დაბადებული ანჟელა ბ, 1980 წელს დაბადებული ლაშა მ, 1990 წელს დაბადებული ავთანდილ ბ. და 1990 წელს დაბადებული თინათინ გ. დააკავეს, ხოლო კრედიტის უკანონოდ მიღების დახმარებაში ამხილეს და ბრალი წარუდგინეს: 1975 წელს დაბადებულ ტარიელ ა-ს და 1982 წელს დაბადებულ ირაკლი თ-ს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 2013 წლის დეკემბრიდან 2014 წლის აპრილამდე თბილისში, ბანკ „რესპუბლიკის“ სხვადასხვა ფილიალს სამომხმარებლო სესხების მიღებისთვის განაცხადებით ინდივიდუალურად მიმართეს. მათ სესხისთვის საჭირო სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინეს სხვადასხვა კოპანიის სახელით დამზადებული ყალბი სამსახურებრივი ცნობები მათ მიერ დაკავებული თანამდებობისა და ყოველთვიური ანაზღაურების შესახებ. ასევე წარმოადგინეს ყალბი საბანკო ამონაწერები სახელფასო ანგარიშების შესახებ. აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ბანკ „რესპუბლიკა“-ს და დაკავებულებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულებები, რის საფუძველზეც გაცემული კრედიტების სახით ბანკ „რესპუბლიკა“-სთვის მიყენებულმა ზარალმა ჯამში 99 900 ლარი შეადგინა.
გამოძიება კრედიტის უკანონოდ მიღების და მიღებაში დახმარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი და 24-208-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).