შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული კ.ლ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თბილისში, ვაკის რაიონში, ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე ავტოსახელოსნოს თანამშრომელს, 1971 წელს დაბადებულ რ.მ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, ზესტაფონში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით).