შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხაშურში, გურამიშვილის ქუჩაზე, ხე-ტყის დაურეგისტრირებელი გადამამუშავებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.
სამართალდამცველებმა ლევან ძ-ს კუთვნილ უკანონო სახერხ საამქროში 10 კუბური მეტრი უსაბუთოდ დახერხილი ხის მასალა აღმოაჩინეს. საამქროს მფლობელი ლენტური ხერხის ულიცენზიოდ გამოყენებისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 128-2 პრიმა მუხლით დაჯარიმდა.
გამოძიება ლევან ძ-ს მიმართ ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
სამართალდამცველებმა იმავე დღეს ხაშურში, გურამიშვილის ქუჩაზე მიკროავტობუსი გააჩერეს, რომლითაც მძღოლს - პაატა კ-ს უკანონოდ გადაჰქონდა 5 კუბური მეტრი დახერხილი ფიცარი. პაატა კ. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტზე დაჯარიმდა (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით).