საქართველოში ინტერპოლის ცენტრალური ეროვნული ბიუროს და შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ქალაქ თბილისში, კამერუნის მოქალაქე, 1989 წელს დაბადებული ანტიერო ვან დონალდ ედიბე მოკი დააკავეს. აღნიშნული პირი იტალიის ინტერპოლის მიერ 09.05.2015 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.
ანტიერო ვან დონალდ ედიბე მოკის ბრალად ედება იტალიის სისხლის სამართლის კოდექსის 416-ე, 648-ე, 484-ე, 615-ე და 640 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც არაავტორიზებული წვდომის მეშვეობით მონაცემთა დამუშავების სისტემაში შეღწევას, დანაშაულებრივ შეთქმულებას და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს.
ამჟამად აღნიშნული პიროვნება დაკავებულია და მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.