შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და გორის რაიონის სამმართველოს მეჯვრისხევის განყოფილების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1978 წელს დაბადებული გიორგი ზ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ბრალდებით სოფელ მეჯვრისხევში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ქარხნული წესით დამზადებული „ა-კა-74“-ის მოდელის „კალაშნიკოვი“-ს სისტემის ავტომატი და 89 საბრძოლო ვაზნა 300 აშშ დოლარის სანაცვლოდ მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას იარაღისა და საბრძოლო მასალის გასაღების შედეგად მიღებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე ამოღებულია მართლსაწინააღმდეგოდ გასაღებული იარაღი და ვაზნები.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილებით). გამოძიებას აწარმოებს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო.