შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1978 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი ზაზა კ. ნარკოდანაშაულისთვის სენაკში, მშვიდობის ქუჩაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 6 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,181953 გრ ჰეროინს შეიცავს.
ნარკოლოგიურმა შემოწმებამ დაადგინა, რომ ზაზა კ. დაკავებისას ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება მიმდინარეობს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, იმ პირის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს აღნიშნული დანაშაული (საქართველოს სსკ–ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით) და ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარების ფაქტზე, იმ პირის მიერ, ვინც ადრე ნასამართლევია აღნიშნული დანაშაულისთვის (საქართველოს სსკ-ს 273-ე მუხლით).