შს სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სოციალური კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, ქალაქ გორში, სახალხო დღესასწაულზე - „გორის დღეები 2017“ წარმოადგინა იმიტირებული უსაფრთხო ქალაქი, სახელწოდებით - „ეს ჩვენი ქალაქია“.
იმიტირებულ ქალაქში ბავშვებსა და მოზრდილებს, შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის კუთვნილი ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენის გარდა, უამრავი სიურპრიზი დახვდათ:
სტუმრებს მეგზურობა შსს-ს აკადემიის ანიმაციურმა გმირმა, „პოლიმ“ გაუწია. აკადემიის ვირტუალურ ტირში მისულ მოქალაქეებს კი საშუალება ჰქონდათ, ინსტრუქტორის დახმარებით, რამდენიმე წუთით, პოლიციელის როლი მოერგოთ.
საექსპერტო–კრიმინალიტიკურმა დეპარტამენტმა წარმოადგინა სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები და სხვადასხვა სახის ექსპერტიზის ჩასატარებელი ინვენტარით აღჭურვილი, მოძრავი ლაბორატორია.
შსს-ს მომსახურების სააგენტომ მოზარდებისთვის შემეცნებით-გასართობი კუთხე მოაწყო, სადაც სააგენტოს თანამშრომლებმა, ველოსიპედის მართვის მოწმობის მოსაპოვებლად, 5-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებს სახალისო თეორიული და პრაქტიკული გამოცდა ჩაუტარეს. იმიტირებული ქალაქის სტუმრებს, ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ მომსახურების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი, შსს-ს სპორტული კლუბი MIA Force-ის სარბოლო ავტომობილები და ფოტოგამოფენა დაეთვალიერებინათ. შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის სახე, ევროპის ჩემპიონი ძარიანი ავტომობილებით რბოლაში დათა ქაჯაია კი მათ შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიაზე ესაუბრა. ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სპეციალური ტექნიკის მეშვეობით, დათა ქაჯაიასთან ერთად, ვირტუალურ რბოლაში მონაწილეობა მიეღოთ.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახალისო შემეცნებით-გასართობ კუთხეში ბავშვებმა სახანძრო-სამაშველო ტექნიკა დაათვალიერეს და გასაბერ სასრიალო ბატუტზე ისრიალეს. მათ უსაფრთხოებაზე კი შსს-ს მეხანძრე-მაშველები ზრუნავდნენ.
„112“-ის „კოსმოსურ ხომალდში“ მოზარდებმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სპეციალურად მათთვის შექმნილ კომპიუტერულ თამაშებში მიიღეს მონაწილეობა.
შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა ბავშვებს საინტერესო სათავგადასავლო თამაშები, სიმბოლური საჩუქრები და სიურპრიზები დაახვედრა. დაცვის პოლიციამ „დაცულ ქუჩაზე“ ინკასაციის და ოპერატიული რეაგირების სპეცავტომობილები, ასევე, ეკოლოგიური ტრანსპორტი განათავსა.
საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური აღჭურვილობა და საბრძოლო ჯავშანტექნიკა: „კობრა“ და „დეფენდერი“, ასევე, საპატრულო პოლიციის ტრანსპორტი: „ფორდ-ინტერსეპტორი“, საპატრულო პიკაპები, მოტოციკლები და „სეგვეი“.
შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ კი სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტების ტრანსპორტისა და აღჭურვილობის გამოფენა მოაწყო,
იმიტირებული ქალაქის საზღვრებს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები და სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები იცავდნენ, ხოლო სტუმრების უსაფრთხოებასა და წესრიგზე პატრულ-ინსპექტორები ზრუნავდნენ.