შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გიორგი გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო 1975 წელს დაბადებული ზაალ ხ. მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტზე ამხილეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი გ-მ ლანჩხუთში, ყოფილი გემმშენი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა მამინაცვალს - ელგუჯა გ-ს და მიიმალა. ელგუჯა გ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ლანჩხუთში დააკავეს. გიორგი გ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება გიორგი გ-ს მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით), ხოლო ზაალ ხ-ს მიმართ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით).