შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული დავით ჩ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და ზურგჩანთის ჩხრეკისას ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნით: 0,2243 გრ კანაფის ფისს, 0,2312 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს), 17,05 გრ ნარკოტიკულ საშუალება პსილოციბინს წარმოადგენს, ასევე ამოღებულია 4,7344 გრ ნარკოტიკული ნივთიერება კათინის (ნორფსევდოენფედრინის) შემცველი 2 აბი და 3 ნატეხი, 1,2 გრ გამომშრალი მარიხუანა და 6 ცალი ორცხობილა, რომელიც ნარკოტიკულ საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლს შეიცავს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა აღნიშნული ნარკოტიკები ნიდერლანდის სამეფოდან შემოიტანა. ნარკოლოგიური შემოწმებით დადგინდა, რომ დავით ჩ. დაკავებისას ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-2 ნაწილის და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით).