შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული მარიამ კ. და 1986 წელს დაბადებული ინგა ჯ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა ნარკოტიკული საშუალება წინასწარი შეთანხმებით, უკანონოდ შეიძინეს და ინგა ჯ-ს საცხოვრებელ ბინაში შეინახეს. სამართალდამცველებმა ინგა ჯ-ს ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 6,688 გრ ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 2,3207 გრ ჰეროინს შეიცავს.
დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად მარიამ კ-ს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება მიმდინარეობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით). გამოძიებას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.