შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული დავით ზ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა თბილისი-ლესელიძე-სენაკის საავტომობილო მაგისტრალის 24-ე კილომეტრზე, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს სკუტერი, რომელსაც დავით ზ. მართავდა. მისი პირადი ჩხრეკისას, სპორტული ზურგჩანთიდან პოლიეთილენის სამ პარკში შეფუთული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ნედლი მარიხუანაა. სკუტერის საბარგულის ჩხრეკისას კი ამოიღეს გერმანული წარმოების, „ვალტერის“ სისტემის „P 22“-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი, 18 საბრძოლო ვაზნა, „ეკოლ სპეციალ 99“-ის მოდელის აირის პისტოლეტი, რომელიც არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და პოლიეთილენის ორ პარკში შეფუთული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. სულ ამოღებულია 4 კილო და 425,95 გრამი ნედლი მარიხუანა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ამოღებული „ვალტერის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი 2013 წლის დასაწყისში წყნეთში, ერთ-ერთი მოქალაქის ბინაში მომხდარი ქურდობის დროს არის წაღებული და შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მეოთხე განყოფილების მიერ 2013 წლიდან იძებნებოდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).