შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, 4 პირი: 1975 წელს დაბადებული ვ.ა., 1975 წელს დაბადებული გ.ს., 1983 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1991 წელს დაბადებული ტ.თ. დააკავეს, ხოლო 1982 წელს დაბადებული გ.მ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა შპს „ნპ საქართველო“ და შპს „მოტორ ლაინ ქომფანი“ დააფუძნეს და ერთ-ერთ ვებ-გვერდზე რეკლამა განათავსეს, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპის ქვეყნებიდან მოქალაქეთათვის სასურველი ავტომანქანები საბაზრო ღირებულებასთან შედარებით დაბალ ფასად ჩამოჰყავდათ.
ბრალდებულები მოქალაქეებთან ყალბ ხელშეკრულებებს აფორმებდნენ, რომელთა საშუალებითაც ვალდებულებას იღებდნენ, მითითებული ავტომობილები ხელმოწერიდან 60 დღის ვადაში ჩამოეყვანათ, ხოლო მოქალაქეებს თანხები შესაბამის ანგარიშებზე ავტომანქანების ჩამოსვლამდე, წინასწარ უნდა ჩაერიცხათ.
აღნიშნული დანაშაულებრივი სქემის საშუალებით, ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ მოქალაქეების კუთვნილ 115 300 აშშ დოლარს და 1900 ევროს.
პოლიციამ ერთ-ერთი დაკავებულის - გ.მ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 7200 აშშ დოლარი, ხოლო ბრალდებულების კუთვნილი კომპანიების ოფისებიდან სხვადასხვა დოკუმენტაცია და კომპიუტერები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
მხილებული პირის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).