შსს-ს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1959 წელს დაბადებული გელა ა. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული გელა ა. ყაჩაღურად თავს დაესხა მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სავალუტო ჯიხურს და ჯიხურის თანამშრომელს სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფული მოთხოვა. სავალუტო ჯიხურის თანამშრომელმა დავით ბ-მ თავდასხმისას გელა ა-ს წინააღმდეგობა გაუწია. თავდამსხმელმა დავით ბ-ს მიმართულებით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. გასროლის შედეგად დავით ბ-მ ფეხის არეში დაზიანება მიიღო.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს და განაიარაღეს. დავით ბ. ამ დროისათვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით).