შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან თანამშრომლობით ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული მაია ტ. და 1969 წელს დაბადებული ლალი კ. დააკავეს, ხოლო 1968 წელს დაბადებული მანანა მ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები, ვითომდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში შესაბამისი ქულების მომატების სანაცვლოდ, წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აფხაზეთიდან დევნილი პირებისგან თანხების თაღლითურად დაუფლებას ცდილობდნენ. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით მოატყუეს ერთ-ერთი დევნილი პირი, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში გავლენიანი ნაცნობები ჰყავდათ, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იყო მისთვის ბინის მიღებისთვის საჭირო ქულების მომატება. დაკავებულებმა, ბინის მიღების კანდიდატთა სიაში ჩასმის სანაცვლოდ, დევნილ ქალბატონს 6 000 აშშ დოლარი გამოართვეს, რის შედეგადაც დაზარალებულს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.
სამართალდამცველებმა ლალი კ-ს პირადი ჩხრეკისას 1000 აშშ დოლარი, მანანა მ-ს პირადი ჩხრეკისას 6000 აშშ დოლარი, ხოლო მაია ტ-ს კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას 3000 აშშ დოლარი ამოიღეს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).