შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული ნომახოსა პუმლა ვინიფრედ ნ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საბაჟო პროცედურების გავლისას დააკავეს.
დადგინდა, რომ დაკავებულს ხელჩანთაში სპეციალურ სამალავი ჰქონდა მოწყობილი, საიდანაც ქართველმა სამართალდამცველებმა 12 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით ამოღებული ნარკოტიკი გამომშრალი მარიხუანაა და მისი საერთო წონა 9 კილო და 700 გრამია. დაკავებული საქართველოში დოჰა-თბილისის რეისით ჩამოფრინდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).