შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული გ.ა. - ფოთში, ხოლო 1980 წელს დაბადებული ს.ყ. ბათუმში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 3 იანვარს ბრალდებულები იარაღის მუქარით თავს დაესხნენ შპს „იალჩინ მარკეტის“ ბუღალტერს და აღნიშნული შპს-ს კუთვნილი 148 546 ლარი, ასევე, პირადი თანხა და ნივთები გასტაცეს.
სამართალდამცველებმა, გ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 4 700 ლარი, ცივი იარაღი და ნიღაბი, ხოლო ს.ყ.-ს დროებითი საცხოვრებელი სახლიდან 7 750 ლარი და ოქროს საყურე ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია 37 300 ლარი.
გამოძიება დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).