შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის, ვაკე-საბურთალოს, დეტექტივების სამმართველოების და სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნუკრი ი. ყაჩაღობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული, 2015 წლის 30 ნოემბერს, ღამით, თბილისში, „ნიკორას“ საფირმო მაღაზიაში შეიჭრა, ცეცხლსასროლი იარაღიდან შვიდი გასროლით მაღაზიის დაცვის თანამშრომელი გივი ღ. დაჭრა, ამავე იარაღიდან მოლარის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, 250 ლარამდე ფული გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად , ბრალდებული თბილისში დააკავეს. დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მაყუჩიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).