საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ქვემო ქართლის რეგიონის მარნეულის საჯარო სკოლების მოსწავლეები ეწვივნენ. ვიზიტი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის და მარნეულის ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით შედგა. მოსწავლეების სტუმრობის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პროცესების გაღრმავება და ხელშეწყობა.
შეხვედრაზე აკადემიის წარმომადგენლებმა 30 მოსწავლეს საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში კადრების მიღების პროცედურები და შსს-ს აკადემიაში არსებული სწავლების მეთოდოლოგია გააცნეს. ბავშვები ასევე დაესწრნენ პრეზენტაციას თემაზე – „სწავლება აკადემიაში“. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოზარდებმა შსს-ს აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, განსაკუთრებით დიდი მოწონება ახალგაზრდებში იმიტირებული სასამართლო დარბაზის, სასაზღვრო გამშვები პუნქტის, რეალური და იმიტირებული ტირების დათვალიერებამ გამოიწვია.
შსს-ს აკადემიაში მოსწავლეების ვიზიტი შემეცნებითი ხასიათის იყო, რაც ახალგაზრდებში სამართლებრივი კულტურის ამაღლებას და ამ გზით დანაშაულის პრევენციას ისახავს მიზნად. ახლო მომავალში შსს-ს აკადემიას ბოლნისის, დმანისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდებიც ეწვევიან.