შსს-ს საფეხბურთო გუნდმა ფეხბურთის სამოყვარულო ტურნირში - "ნატო-ს თასი 2017" გაიმარჯვა და ჩემპიონი გახდა. ჩემპიონატი, ნატო-ს დღეების ფარგლებში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
ტურნირი 4-დან 8 აპრილის ჩათვლით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, დიღომში მდებარე ოლიმპიურ ქალაქში მიმდინარეობდა. მასში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული 32 გუნდი მონაწილეობდა.
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საფეხბურთო გუნდი ფინალურ შეხვედრაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გუნდს დაუპირისპირდა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
შსს-ს გუნდს „ნატო-ს თასი“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადასცეს.
გამარჯვებულებს სოფლის მეურნობის სამინისტრომ საჩუქრად ქართული წარმოების ღვინო გადასცა.