საქართველოს შს მინისტრის ოფიციალური ვიზიტი რუმინეთში გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში, შს სამინისტროს დელეგაცია, შს მინისტრის მოადგილეების - ბესიკ ამირანაშვილისა და შალვა ხუციშვილის ხელმძღვანელობით, ბუქარესტში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.
ქართული დელეგაცია რუმინეთის საზღვრის დაცვის პოლიციის გენერალურ ინსპექტორატს ეწვია. შს სამინისტროს წარმომადგენლებს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელებმა უწყების საქმიანობის ამსახველი პრეზენტაცია წარუდგინეს და საზღვრის ელექტრონული მართვის ცენტრი დაათვალიერებინეს.
შეხვედრაზე საქართველოსა და რუმინეთში არსებული სასაზღვრო კონტროლის სისტემები განიხილეს და საზღვრის შესაძლებლობების გაძლიერება-მოდერნიზაციის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. მხარეებმა არალეგალურ მიგრაციასთან ერთობლივი ბრძოლის სამომავლო გეგმები დასახეს, უწყებებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და არსებული წარმატებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
ქართული დელეგაცია ბუქარესტში A.I. CUZA-ს პოლიციის აკადემიასაც ესტუმრა. აკადემიის ხელმძღვანელმა, დოქტორმა ტორიე დენიელ-კოსტელიმ სტუმრებს რუმინეთის პოლიციის აკადემიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. თავის მხრივ, შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა საქართველოს შსს-ს აკადემიის შესაძლებლობების განვითარებასა და მის რეგიონულ საგანმანათლებლო ცენტრად ჩამოყალიბების გეგმებზე ისაუბრა. მხარეებმა უწყებებს შორის სამომავლო თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს.
საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრები საერთაშორისო პოლიციის თანამშრომლობის ცენტრშიც გამართეს. ქართული დელეგაცია რუმინეთის ევროპოლისა და ინტერპოლის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. შეხვედრაზე, გლობალური გამოწვევების ფონზე, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე იმსჯელეს, გამოცდილების გაზიარებასა და ურთიერთობების განვითარებაზე შეთანხმდნენ.