შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას განაგრძობს. ამჯერად, კამპანიის ფარგლებში, შეხვედრა 123-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გაიმართა. ახალგაზრდებს შსს-ს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სპეციალურად შექმნილი ერთობლივი სამუშაო ჯგუფის წევრები – შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი მაკა ფერაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნინო კვიტაიშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ეკა კენჭაძე ესაუბრნენ. სამუშაო ჯგუფის წევრებმა სკოლის მოსწავლეებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანიის მიზანი და მნიშვნელობა გააცნეს.
მოსწავლეებმა ასევე დეტალური ინფორმაცია მიიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით კანონში შესულ ცვლილებებზე. 2013 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც მოხდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია. კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, ოჯახში ძალადობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
შეხვედრაზე კამპანიის ფარგლებში შექმნილი სოციალური რგოლების ჩვენებაც გაიმართა. რგოლების მიზანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე: „112“ ან მიმართონ უბნის ინსპექტორს, მოძალადეებმა კი მიიღონ გაფრთხილება, რომ ოჯახში ძალადობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია, სამუშაო ჯგუფის წევრებმა მოსწავლეების მხრიდან დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხი გასცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია „არა ძალადობას!“ 25 ნოემბერს დაიწყო. კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების მეშვეობით მოხდება საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან.
საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, სხვადასხვა საშუალო სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებში გაიმართება.