შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის წვრთნებისთვის გაკეთებული ახალი სასროლეთი დაათვალიერა. თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სასროლეთი და განახლებული შეიარაღება გააუმჯობესებს და აამაღლებს შსს-ს სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის პროფესიონალურ დონეს. მინისტრთან ერთად ღონისძიებას შსს-ს სხვა წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრნენ.
კონტრტერორისტული ოპერაციების სამმართველოს თანამშრომლებმა სასროლეთზე საჩვენებელი ტაქტიკური წვრთნები მოაწყვეს. სამიზნეების ახალი სისტემა სრულად კომპიუტერიზებულია და ოპერატორის მიერ მართვის პულტით პროგრამულად იმართება. აღნიშნული სისტემა მოიერიშეთათვის მრავალფუნქციური ვარჯიშების საშუალებას იძლევა და ხელს უწყობს საბრძოლო უნარ-ჩვევების განვითარებას. მებრძოლებმა ახალ სასროლეთზე წვრთნების შემდეგ, პისტოლეტითა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით სროლის სხვადასხვა ტაქტიკური ელემენტი წარმოადგინეს.
სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ანტიტერორისტულმა დანაყოფმა ტერორისტების დაკავებისა და გაუვნებელყოფის სიმულაციური, სპეციალური ღონისძიება ჩაატარა, სადაც მებრძოლებმა სტუმრებს პროფესიული მომზადების მაღალი დონე უჩვენეს. მინისტრმა სტუმრებს ცენტრის ტერიტორია და ახალი ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.