ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით, ნარკოპოლიტიკის თემაზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შსს-სა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ სამართალდამცავი სტრუქტურების საქმიანობის შედეგები, მიდგომები და გამოწვევები განიხილეს. შეხვედრაზე ზიანის შემცირების სერვისების, პრევენციის, ნარკოტრანზიტთან ბრძოლის და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში განხორციელებული რეფორმების შესახებ დისკუსია გაიმართა.
„ჩვენი სამინისტრო მხარს უჭერს ოთხსვეტიან ნარკოპოლიტიკას, როდესაც პრევენცია, მკურნალობა-რეაბილიტაცია და ზიანის შემცირების სერვისების განვითარება პოლიციას შესაძლებლობას უქმნის, ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ მეტი რესურსი მიმართოს. ბოლო წლებში, ჩვენ უპრეცედენტოდ მასშტაბური და წარმატებული ოპერაციები ჩავატარეთ ნარკოტრანზიტის და ნარკოტიკების გავრცელების აღსაკვეთად. მინისტრის დავალებით, ასევე, ვმუშაობთ პროექტზე „უსაფრთხო ქალაქი“, რომელიც სამომავლოდ ბავშვებსა და ახალგაზრდებში ნარკოტიკების მოხმარების პრევენციას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ.