შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ სირაძემ, ბათუმში, 15 წყალზე მაშველი სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს.
შსს-ს მაშველებმა წელს, საზღვაო სეზონის გახსნის შემდეგ, მხოლოდ შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების 300-მდე მოქალაქე გადაარჩინეს. მათი უმეტესობა წყალზე მაშველებმა ნაპირზე 4-5 ბალიანი შტორმის დროს გამოიყვანეს.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა, ამავე პერიოდში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 200-მდე დაკარგული ბავშვი იპოვეს და მშობლებს უვნებლად დაუბრუნეს.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ წლევანდელი საზღვაო სეზონისთვის 135 მაშველი შეარჩია და გადაამზადა. ახალ საზღვაო სეზონზე მაშველების ყოველდღიური სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად წყალზე სამაშველო განყოფილებისთვის ბათუმის ნავსაყუდელში კეთლმოწყობილი სამაშველო პუნქტი მოეწყო. ასევე, გარემონტდა თორმეტი მცურავი საშუალება. მოქალაქეების უსაფრთხოებისა და რისკების პრევენციის მიზნით, ზღვაში საცურაო არეალის მანიშნებელი ტივტივები განთავსდა, სამაშველო საგუშაგოები თანამედროვე საზღვაო-სამაშველო ინვენტარით აღიჭურვა, სანაპირო ზოლში კი ქართული და ინგლისურენოვანი საინფორმაციო ბანერები დამონტაჟდა, რომელთა საშუალებითაც ხდება დამსვენებელთა გაფრთხილება ცურვისთვის სახიფათო ადგილების შესახებ.