შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ, ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის - „GEM Fest-2017“ დაწყებამდე, ღონისძიების უსაფრთხოების საკითხებზე ანაკლიაში სამუშაო შეხვედრა ჩაატარა.
შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) წარმომადგენელი მაიკ ტერნერი, ფესტივალების დაგეგმარებისა და კოორდინაციის ექსპერტი პატრიკ სმიტი, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და „GEM Fest-2017“-ის ორგანიზატორები,
მერაბ მალანიამ ამერიკელ ექსპერტებს ფესტივალის უსაფრთხოების გეგმა, საპოლიციო ძალების გადანაწილება, შსს-ს სტრუქტურულ დანაყოფებს შორის კოორდინაციის სქემა გააცნო და ფესტივალისთვის განსაზღვრული ტერიტორია დაათვალიერებინა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები აქტიურად არიან ჩართული „GEM Fest-2017“-ის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში და ფესტივალის ორგანიზატორ მხარესთან ინტენსიურად თანამშრომლობენ. შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი წარმოადგენს მთავარ სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც პასუხისმგებელია ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის უსაფრთხოების დაგეგმვასა და ღონისძიების განმავლობაში შსს-ს სტრუქტურული ერთეულების კოორდინირებული მოქმედების უზრუნველყოფაზე.
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დაგეგმვისა და კოორდინაციის სამმართველომ, „GEM Fest-2017“-ის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, უსაფრთხოების სპეციალური გეგმა შეადგინა, რომელშიც ჩართული არიან შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის და დაცვის პოლიციის დეპარტამენტები.
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი უკვე მეორე წელია ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვას უზრუნველყოფს.