შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები შალვა ხუციშვილი და არჩილ თალაკვაძე მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს და დილერებს შეხვდნენ. შეხვედრაზე პარლამენტში ინიცირებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკანონმდებლო პაკეტი, კერძოდ, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციასთან დაკავშირებული რეგულაციები განიხილეს.
შალვა ხუციშვილმა და არჩილ თალაკვაძემ სტუმრებს დეტალურად აუხსნეს პრობლემის არსი და გააცნეს შსს-ს ახალი კანონპროექტის მიზნები. იმპორტიორებს და დილერებს მიეცათ საშუალება, საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინათ მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების შემოყვანისა და რეგისტრაციის შეზღუდვის პოზიტიურ და ნეგატიურ ასპექტებზე. ყურადღება გამახვილდა ვადებზე, აღნიშნული მანქანების ფასზე და ტექნიკურ გამართულობაზე, მათ გამოყენებაზე ავტოსპორტსა და ტურიზმის სფეროებში, რეექსპორტზე და მოსახლეობის ინფორმირებულობაზე ცვლილებებთან დაკავშირებით.
შეხვედრის მონაწილეთა მოსაზრებები და წინადადებები განხილული იქნება ახალი პროგრამის და საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცებამდე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტიორების, დილერების, მომხმარებლების და ყველა დაინტერესებული პირის საყურადღებოდ აცხადებს, რომ კანონპროექტში მოცემული და პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებული ვადები, რომელიც წინასწარ გაჟღერდა - იყო პირობითი და ეს ვადები ამ მომენტისთვის ჯერ არ არის განსაზღვრული. ვადების განსაზღვრა პარლამენტში ინიცირებული ცვლილებების მიღების მომენტში მოხდება, რა დროსაც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული გონივრული ე.წ. „ბუფერული“ პერიოდები ყველა ცალკეული ცვლილებისთვის, მათ შორის, მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან მიმართებაში. ამ პერიოდის ათვლა დაიწყება ცვლილებების დამტკიცების შემდეგ. ვადების შესახებ წინასწარ, საჯაროდ და ოფიცილური წყაროებით ეცნობება მოსახლეობას. მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან დაკავშირებული და სხვა რეგულაციები საბოლოო სახეს მიიღებს მოქალაქეთა ჩართულობის, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების და საპარლამენტო განხილვების შემდეგ. დღევანდელი შეხვედრაც, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა.