შინაგან საქმე მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა იუსტიციის სასწავლო ცენტრში გამართულ, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
შს მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებას. შალვა ხუციშვილის თქმით, მნიშვნელოვანი ყურადღება დანაშაულის პრევენციას ეთმობა. ამ მიზნით, სამართალდამცველთა საგანმანათლებლო პროგრამაში, კერძოდ, პოლიციელთა გადამზადების საბაზისო კურსში ჩართულია ტრეფიკინგის ფაქტების პროაქტიულად გამოვლენის საკითხები.
პროკურორებითა და დეტექტივ-გამომძიებლებით დაკომპლექტებული სპეციალისტთა ჯგუფი (TASK FORCE) ტრეფიკინგის ფაქტების გამოვლენას და მსხვერპლთა იდენტიფიცირებას, ასევე ღონისძიებებს დანაშაულის პრევენციის და გამოვლენის მიზნით, პროაქტიულად ახორციელებს. შალვა ხუციშვილის თქმით, შსს სისტემატურად ახდენს მოსახლეობის ინფორმირებას ტრეფიკინგის საფრთხეებისა და მისგან თავის დაცვის გზების შესახებ.
შს მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით გატარებული აქტივობები პოზიტიურად შეაფასა.