შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს დანაშაულის სტატისტიკის არსებული მეთოდოლოგია გააცნო.
როგორც პრეზენტაციაზე შს მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, შსს მუშაობს ანალიზზე დაფუძნებული პოლიციის პროექტზე, რაც სტატისტიკაზე დაფუძნებულ საპოლიციო საქმეს ჩაანაცვლებს, ამასთან, დანაშაულის აღრიცხვისა და დამუშავების სისტემას კიდევ უფრო გააუმჯობესებს. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა დანაშაულის სტატისტიკის უახლესი მოდელით დარეგისტრირებაზე, რაც სტატისტიკის გაყალბების შესაძლებლობას არა მხოლოდ თეორიულად, არამედ, პრაქტიკულად გამორიცხავს. შალვა ხუციშვილის თქმით, მომავალი წლიდან სამართალდამცველებს დაურიგდებათ პლანშეტური კომპიუტერები, რომელთა მეშვეობითაც დანაშაულის რეგისტრაცია შემთხვევის ადგილიდან ელექტრონულად მოხდება.
შს მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დღის წესრიგში დგას ინტერაქტიული სტატისტიკის და დანაშაულის კრიმინოგენული რუკის მომზადება. აღნიშნულთან დაკავშირებით, შემუშავდა ვებ-პორტალი (static.pol.ge), რომელმაც გააერთიანა, არსებული ინფორმაციის ფარგლებში, კრიმინალური სტატისტიკის ინტერაქტიული მოდული, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია რეალურ დროში ქვეყნის, რეგიონების და რაიონების მიხედვით, კრიმინოგენული სიტუაციის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიღება.
სისხლის სამართლის ერთიან ელექტრონულ სისტემაში საგამოძიებო დანაყოფების მიერ, GPS მოწყობილობების გამოყენებით დანაშაულის ჩადენის კოორდინატების დატანის შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება უმოკლეს ვადაში კრიმინალური სტატისტიკის ინტერაქტიულ რუკაზე კონკრეტული დანაშაულის ჩადენის ადგილების ასახვა, რაც დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს, რეალურ დროში მიიღონ სტატისტიკური ინფორმაცია დანაშაულის ჩადენის და დანაშაულის ხასიათის შესახებ.