შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით გამართულ, ოპერატიული ინფორმაციის მიღებისა და ანალიზის საკითხებზე ტრენინგის დახურვას დაესწრო. ხუთდღიანი სწავლება საქართველოსა და სომხეთის შესაბამისი უწყებების თანამშრომლებისათვის ჩატარდა.
ტრენინგის გახსნას აშშ-ს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი ესწრებოდა. სწავლებას აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ფედერალური ადმინისტრაციის (DEA) სასწავლო აკადემიიდან მოწვეული ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.
ტრენინგზე განიხილეს ოპერატიული ინფორმაციის მოპოვების საფუძვლები, გამოკითხვის მეთოდები და პრაქტიკული სავარჯიშოები, მტკიცებულებების ამოღება-დამუშავების საკითხები, ნარკოტრეფიკინგის საერთაშორისო ტენდენციები და კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება.
შს მინისტრის მოადგილემ სწავლების ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა.