ევროკომისარი მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსი შინაგან საქმეთა სამინისტროს ეწვია და შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში გატარებული რეფორმები და სამუშაო განიხილეს. არჩილ თალაკვაძემ და ევროკომისარმა ყურადღება გაამახვილეს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, მიგრაციის სამსახურის რეფორმისა და საზღვრის ინტეგრირებული მართვის საკითხებზე. საუბარი შეეხო, ასევე, საქართველოსა და ევროპოლს შორის არსებულ თანამშრომლობას და იმ მაღალი დონის ხელშეკრულებას, რომელსაც მხარეებმა ხელი უახლოეს მომავალში უნდა მოაწერონ.
ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მისი თქმით, ჩატარებული რეფორმებით საქართველომ არაერთ ქვეყანას კარგი მაგალითი მისცა და იგი კვლავაც განაგრძობს წარმატებულ სვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე.