შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურისა და სასამართლო სისტემის წარმომადგენლებმა, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლის თემაზე HELP-ის დისტანციური სწავლების კურსი წარმატებით გაიარეს.
დისტანციური კურსის დახურვის ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე, გენერალური პროკურორის მოადგილე - ნათია მერებაშვილი, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი - ივანე ბოლქვაძე და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის უფროსის მოადგილე - ვაჰაგ მურადიანი დაესწრნენ, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს და მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.
აღნიშნული სასწავლო კურსი გამომძიებლებისთვის, პროკურორებისა და მოსამართლეებისთვის საქართველოში 2019-2020 წლებში დაიწყო.
დისტანციური სასწავლო კურსის მიზანს წარმოადგენდა სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.
კურსი შედგებოდა სამი ეტაპისგან: სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიება, სისხლისსამართლებრივი დევნა და სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანა. შესაბამისად, მასში მონაწილეობდნენ გამომძიებლები, პროკურორები და მოსამართლეები.
HELP-ის დისტანციური სწავლების კურსი - "სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლა: სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ეფექტიანი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის და სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის უნარ-ჩვევები" ევროპის საბჭოს პროექტის - „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ - ფარგლებში შემუშავდა. აღნიშნული პროექტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა პარტნიორ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით განხორციელდა.