შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრების - „ამბასადორიალი 2016“ ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში გამართულ შეხვედრას დაესწრო.
შეხვედრა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემაზე, პანელის ფორმატში, გამოცდილების გაზიარების მიზნით, დისკუსიის რეჟიმში გაიმართა და მას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შალვა ხუციშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეულ წარმატებებზე. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო სამოქმედო გეგმის სამიზნეების 60%-ზე მეტის იმპლემენტაციის პროცესში წამყვანი უწყება იყო.
როგორც შს მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მნიშვნელოვანი წარმატება იქნა მიღწეული, ასევე, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. „მნიშვნელოვნად განვითარდა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა. გრძელდება მუშაობა ახალი საერთაშორისო ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით. ჩვენი პოლიციის ატაშეები წარგზავნილი არიან 11 ქვეყანაში, რითაც საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა კიდევ უფრო ეფექტური გახდა“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
შს მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი პარტნიორი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაა. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები საქართველომ უკვე 26 პარტნიორ ქვეყანასთან გააფორმა. შალვა ხუციშვილმა ევროპის პოლიციის სამსახურთან (ევროპოლთან) წარმატებული თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრა, რომელთანაც სტრატეგიული და ოპერატიული დონის შეთანხმებას ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება.
როგორც შს მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების სფეროში თანამშრომლობა, რათა საქართველოს მოქალაქეებმა ქართული მართვის მოწმობებით სარგებლობა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ვენის კონვენციით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგაც შეძლონ ან ზედმეტი დაბრკოლებებისა და დამატებითი ფორმალობების გარეშე ეს მოწმობები ადგილობრივი მოწმობებით ჩაანაცვლონ. მისი თქმით, ამ მიმართულებით კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს იტალიასთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან და ესპანეთთან.
შალვა ხუციშვილმა შსს-ს პოლიციის აკადემიის შესაძლებლობების განვითარების შესახებაც ისაუბრა, კერძოდ, მისი საერთაშორისო საპოლიციო მომზადების ცენტრად გარდაქმნის პერსპექტივაზე და საერთაშორისო სასწავლო კურსის პროგრამის ფორმირებაზე. შს მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის სრულ მხარდაჭერას.
შალვა ხუციშვილმა შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს შსს–ს პრევენციულ, დანაშაულზე რეაგირებისა და საგამოძიებო ფუნქციებს და გაზრდის კვალიფიციური თანამშრომლების რიცხვს. შს მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ანალიზზე დაფუძნებულ საპოლიციო საქმიანობაზე, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციაზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ამაღლებაზე, საგანგებო სიტუაციების მართვაზე, საზღვრის მართვის გაძლიერებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.