შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) ახლო აღმოსავლეთის რეგიონული ოფისის დირექტორს - კაილ უილიამსონს შეხვდა.
შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა კაილ უილიამსონს შს სამინისტროში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს ბოლო წლებში საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებსა და აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციას შორის არსებული თანამშრომლობა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივაზე იმსჯელეს.
გიორგი მღებრიშვილმა ხაზი გაუსვა ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთობლივი ღონისძიებებისა და ტრენინგების მნიშვნელობას. შს მინისტრმა აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობისთვის.