შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ბირთვული უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NNSA) ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის მაღალი დონის დელეგაციას შეხვდა. დელეგაციას ხელმძღვანელობდა ენერგეტიკის დეპარტამენტის ბირთვული უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NNSA) ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის (DNN) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე დევიდ ჰუიზენგა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი.
მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს შსს-ს შესაძლებლობები ბირთვული და რადიაციული გაუვრცელებლობის კუთხით და ისაუბრეს აშშ-ის მხარდაჭერის პროგრამებზე; შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ქართულ-ამერიკული მხარეების ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგები. კერძოდ, ამერიკული მხარის თანამშრომლობის შედეგად, ყველა საერთაშორისო სასაზღვრო გამშვებ პუნქტში დამონტაჟდა რადიაციული კონტროლის აღჭურვილობა და შსს-ს გადმოეცა მეორადი ინსპექტირების ხელის მოწყობილობები; მოწოდებულ იქნა სტაციონარული აღჭურვილობა (100-ზე მეტი რადიაციული პორტატური მონიტორი), მობილური აღმომჩენი ტექნოლოგია, ხელის აპარატურის ჩათვლით (პერსონალური რადიაციული დეტექტორები, რადიაციის კონტროლის მოწყობილობები და რადიოაქტიური იზოტოპის საიდენტიფიკაციო მოწყობილობები – მთლიანობაში 250 ერთეული); აღნიშნული აპარატურა განკუთვნილია ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალის უკანონო მოძრაობის გამოვლინებისა და სათანადო რეაგირებისთვის.
მომზადდნენ შსს-ს სპეციალისტები და სერტიფიცირებული ინსტრუქტორები. შემუშავდა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი სგპ-ში რადიაციული კონტროლის წარმოების შესახებ და განისაზღვრა უწყებათშორისი კომპეტენციები.
ჯამში, პროგრამის ბიუჯეტმა შეადგინა 40 მილიონი დოლარი. პროგრამის დასრულების შემდგომ, შესაძლებელი იქნება ტრანსსასაზღვრო სატრანსპორტო მოძრაობის 98%-ის სკრინინგი ბირთვული და ნორმატიული კონტროლის ფარგლებს მიღმა არსებული რადიოაქტიური მასალების გამოვლინების მიზნით.
პროგრამა კვლავაც აგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას და აღნიშნული პარტნიორული ურთიერთობა უაღრესად მნიშვნელოვანია ბირთვული გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით.