საქართველოს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების დელეგაცია ეწვია. აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი ხომალდი „TAYLOR“-ი აჭარის ტერიტორიულ წყლებში 8 მაისს შემოვიდა.
სტუმრებს შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი და უწყების სხვა წარმომადგენლები, ასევე, აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, აჭარის ა/რ მთავრობის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები შეხვდნენ. ვიზიტის ფარგლებში, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელებს და აშშ-ის დელეგაციას შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა მოეწყო.
9-10 მაისს ბათუმში ყვინთვის ერთობლივი წვრთნები გაიმართება. აშშ-ს ხომალდზე ორი ქვეყნის სანაპირო დაცვის თანამშრომელთა თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები ჩატარდება, რომელიც ხომალდის მართვისა და მენეჯმენტის სწავლებას მოიცავს. ბათუმის ნავსადგურში ასევე ჩატარდება ერთობლივი საზღვაო მანევრები. მოგვიანებით ამერიკელი სტუმრები ქართველ კოლეგებს საკუთარ ხომალდზე უმასპინძლებენ.
ვიზიტის დასასრულს, საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელები საქართველოში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ატაშესთან შემაჯამებელ შეხვედრას გამართავენ. აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების დელეგაციის ვიზიტი 10 მაისს დასრულდება.