შინაგან საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის - „ტექნიკური დახმარება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში“ მმართველი საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე დაესწრო.
პროექტი 2018-2021 წლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ხელშეწყობას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.
შეხვედრის მონაწილეებმა პროექტის განხორციელებასა და მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს, ასევე, მოსაზრებები გამოთქვეს პროექტის შემდგომ განვითარებაზე და კონკრეტული სამომავლო აქტივობები განსაზღვრეს.
პროექტის ძირითადი მიმართულებებია: საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავება, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საბჭოს გაძლიერება, სამინისტროს ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარება, სამართალდამცველთა მუდმივი გადამზადების სისტემის შემუშავება, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მეთოდების დანერგვა, ორგანიზებული დანაშაულით გამოწვეულ საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სხვ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პროექტის დონორი, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები და პროექტის განმახორციელებელი გუნდის - ორგანიზაცია "Hulla & Co Human Dynamics KG"-ის წევრები, ბენეფიციარი უწყებების, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირები.